სასკოლო სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები: პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, დროსა და სივრცეში ორიენტირება, კვლევა, სწავლის სწავლა, ეთიკა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა, პასუხისმგებლობა, წიგნიერება, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

სასკოლო  სასწავლო გეგმა ასევე გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს:

ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

ბ) გარემოს დაცვა;

გ) ჯანსაღი ცხოვრება;

დ) სამოქალაქო უსაფრთხოება;

ე) კონფლიქტების მართვა;

ვ) ფინანსური წიგნიერება;

ზ) კულტურული მრავალფეროვნება;

თ) ადამიანის უფლებები.

სკოლა ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს სწავლების სამივე საფეხურზე:

ა) დაწყებითი – I-VI კლასები;  Primary education (ISCED level 1),

ბ) საბაზო – VII-IX კლასები; Lower secondary education (ISCED level 2), 

გ) საშუალო – X-XII კლასები. Upper secondary education (ISCED level 3).

სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევების დონის დაძლევას და შესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას.

განათლების მიღება ხორციელდება ქართულ ენაზე.

დაწყებითი საფეხურის მისიაა

ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;

ბ) საბაზისო უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;

გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.

 საბაზო საფეხურის მისიაა  საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.

 საშუალო საფეხურის მისიაა:

ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;

ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.

სკოლის პრიორიტეტული მიმართულებაა, ადრეული ასაკიდანვე გაღრმავებული უცხოური ენების,  მათემატიკის და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება;

სწავლება- სწავლა ეფუძნება ცოდნის სამი კატეგორიის: დეკლარატიული, პროცედურული, და პირობისეულის ერთიანობას და გულისხმობს:

  • ცოდნა – ცოდნის სამი კატეგორიის (დეკლარატიულის, პროცედურულის, პირობისეულის)  ერთიანობა, რომელიც სამი ტიპის შეკითხვას პასუხობს: რა ვიცი? როგორ შევასრულო? როდის, რატომ, რა შემთხვევაში გამოვიყენო?
  • დეკლარატიული ცოდნა – გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების, კანონებისა და პრინციპების თეორიულ ცოდნას. იგი სტატიკური ხასიათისაა და უპასუხებს  შეკითხვას:რა ვიცი?
  • პროცედურული ცოდნა – გულისხმობს ქმედების/ქმედებათა თანამიმდევრობის ცოდნას და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას ოპერაციების/პროცედურების დონეზე. იგი დინამიკური ხასიათისაა, აღიწერება, როგორც უნარი და უპასუხებს შეკითხვას: როგორ გავაკეთო?/როგორ შევასრულო?
  • პირობისეული ცოდნა – გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას. საგანთა, მოვლენათა, სიტუაციათა არსებითი ასპექტების გააზრების, კატეგორიზაციის უნარს, რომელიც ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გადატანის (ტრანსფერის) შესაძლებლობას იძლევა. იგი დინამიკური ხასიათისაა და უპასუხებს შეკითხვებს: როდის, რა შემთხვევაში?  რატომ?

სკოლის  მისიისა და პრიორიტეტების მისაღწევად  პირველ – მეექვსე კლასების მოსწავლეებისათვის სკოლა წარმოადგენს  დღის პანსიონს, რაც ითვალისწინებს სასწავლო რეჟიმის გახანგრძლივებას და შესაბამისად, დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, ხოლო მეშვიდე-მეთორმეტე კლასებში სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს   სასკოლო გეგმის შესაბამისად.

სასკოლო გეგმის პროექტს შეიმუშავებენ პედაგოგები და კათედრები, გასული სასწავლო წლის ანალიზის საფუძველზე, განიხილავს პედაგოგიური საბჭო და ამტკიცებს პარტნიორთა კრება.

დაბრუნება